📋 სარჩევი
„მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა; ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა.“ ().
1. ლოცვის სიწმიდე და კრძალული შემკულობა
როცა ლოცულობთ, ამბობს ქრისტე, „არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა“ (). „ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (). „ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (). მაშ, პავლე რას ამბობს? „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ ()? მაგრამ ეს იმ სიტყვებს არ ეწინააღმდეგება, ნუ იყოფინ; პირიქით, მეტადაც თანახმიერია. როგორ და რა სახით? ჯერ კი უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს „შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი“ (), და რატომ ბრძანებს ამას, თუ ლოცვა ყოველ ადგილას საჭიროა; ნუთუ ეკლესიაში არ უნდა ვილოცოთ, ან სახლის სხვა არც ერთ ნაწილში, არამედ მხოლოდ საუნჯეში? მაშ, ნათქვამი რას ნიშნავს? აქ ქრისტე დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლებას აჩვენებს და ამბობს: უბრალოდ მალულად კი არა, დაფარულად აღასრულე ლოცვები. რადგან როგორც, როცა ამბობს: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (), უბრალოდ ხელებზე არ ლაპარაკობს, არამედ დიდებისმოყვარეობისაგან განრიდების უკიდურესობას წარმოაჩენს, ასევე აქაც ამასვე მიანიშნებს.
ამრიგად, ლოცვა ადგილით არ შემოსაზღვრა, არამედ მხოლოდ ერთი რამ ბრძანა: დიდებისმოყვარეობისაგან თავისუფლება. პავლე კი ამას იუდეველთა ლოცვისაგან განსასხვავებლად ამბობს; იხილე, რას ამბობს: „ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა“ (); ეს კი იუდეველთათვის ნებადართული არ იყო. რადგან ღმერთთან მისვლა, მსხვერპლის შეწირვა და მსახურებათა აღსრულება სხვაგან არ შეიძლებოდა; არამედ ყოველი მხრიდან, მთელი ქვეყნიერებიდან, ერთ ადგილას შეკრებილებს განწმენდის ყველა მსახურება ტაძარში უნდა აღესრულებინათ. ამ შეზღუდვების საპირწონედ შემოაქვს შეგონება. და მას შემდეგ, რაც იმ აუცილებლობისაგან გაგვათავისუფლა, ამბობს: ჩვენი წესი ისეთი არ არის, როგორიც იუდეველთაა. რადგან როგორც ყველასათვის ბრძანებს ლოცვების აღსრულებას (რადგან ქრისტეც ყველასათვის მოკვდა და, როგორც პავლე ამბობს, ყველასათვის ვქადაგებ ამას), ასევე ყველგან ლოცვაც კეთილია; ამიერიდან კი ყურადღება ადგილს კი არა, ლოცვის წესს უნდა მიექცეს. ყველგან ილოცე, ამბობს, ყველგან კი სუფთა ხელები აღაპყარი; საძიებელი სწორედ ეს არის.
ხოლო წმიდა რას ნიშნავს? სუფთას. ხოლო სუფთა რას ნიშნავს? არა წყლით დაბანილს, არამედ ანგარებისაგან, მკვლელობათაგან, მიტაცებისა და ცემისაგან სუფთას. „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). ეს რაღას ნიშნავს? ვინ არის, ლოცვისას რომ რისხდება? ესე იგი, წყენის გულში შენახვის გარეშე. მლოცველის გონება სუფთა იყოს, ყოველგვარი ვნებისაგან გათავისუფლებული; ნურავინ მივა ღმერთთან მტრობით; ნურავინ მივა უსიამოვნებითა და ეჭვით. რას ნიშნავს ეჭვის გარეშე? მოვისმინოთ.
მაშ, საერთოდ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ შესმენილნი ვიქნებით. რადგან ამბობს: „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (); და კვლავ: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე“ (). ეს არის „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). და როგორ, ამბობს ვინმე, შევძლებ ვირწმუნო, რომ სათხოვარს მივიღებ? თუ არ ითხოვ არაფერს იმის საწინააღმდეგოს, რის მისაცემადაც ღმერთი მზად არის; თუ არაფერს ითხოვ მეფისათვის უღირსს, არაფერს ამქვეყნიურს, არამედ ყოველივეს სულიერს; თუ რისხვის გარეშე მიეახლები; თუ სუფთა ხელები გაქვს, თუ წმიდა ხელები გაქვს; წმიდაა ის ხელები, რომლებიც მოწყალებას აღასრულებენ. თუ ასე მიხვალ, უთუოდ მიიღებ სათხოვარს. რადგან ამბობს: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (). ზრახვას პავლე დაეჭვებას უწოდებს. ასევე მსურს, ამბობს, ქალებიც ღმერთთან მივიდნენ რისხვისა და ეჭვის გარეშე, ჰქონდეთ წმიდა ხელები, თავიანთ ვნებებს არ მიჰყვებოდნენ, არ იტაცებდნენ და არ ანგარებდნენ. რადგან რა სარგებელია, თუკი თვითონ არ იტაცებს, მაგრამ ამას ქმრის მეშვეობით აკეთებს?
ქალთაგან კი პავლე კიდევ უფრო მეტს ითხოვს. რა არის ეს? იმას, რასაც ამბობს: „ეგრეთვე დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროჲთა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსლითა დიდფასისაჲთა, არამედ, რომელი-იგი ჰშუენის დედათა, რომელთა აღეთქუას ღმრთის მსახურებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა“ (). სამოსელში რას გულისხმობს? ესე იგი, მოსასხამი ყოველმხრივ კარგად და წესიერად იყოს შემოკრული, არა გადამეტებული მორთულობით; რადგან ის წესიერია, ეს კი უწესო. რას ამბობ? ღმერთთან მიდიხარ სათხოვნელად და თან ოქროს სამკაულები და ნაწნავები გიკეთია? ნუთუ საცეკვაოდ მოხვედი? ნუთუ ქორწილებში მონაწილეობის მისაღებად? ნუთუ საზეიმო მსვლელობაზე გამოცხადდი?
იქ არის ოქროს სამკაულების დრო, იქ - ნაწნავებისა, იქ - ძვირფასი სამოსლებისა; ახლა კი ამათგან არც ერთი არ არის საჭირო. მოხვედი, რომ შეევედრო, ცოდვათა გამო ილოცო, იმ შეცოდებათათვის შუამდგომლობდე, რომლებითაც დაბრკოლდი, მეუფეს სთხოვდე და მისგან წყალობა მოიპოვო; მაშ, თავს რატომ იმკობ? ეს მვედრებლის იერი არ არის. როგორ შეძლებ კვნესას? როგორ შეძლებ ტირილს?
ასეთი იერით შემოსილი როგორ შეძლებ მხურვალედ ილოცო? და თუნდაც იტირო, შენი ცრემლები მხილველთათვის სიცილად იქცევა; რადგან მტირალ ქალს ოქროს ტარება არ შეჰფერის; ეს ხომ თეატრალური თამაში და თვალთმაქცობაა. რადგან როგორ არ იქნება თეატრალური თამაში, როცა იმავე გონებიდან, საიდანაც ამდენი ფუფუნება და პატივმოყვარეობა იშვა, იქიდანვე ცრემლებიც იღვრება? მოიშორე მთელი ის თვალთმაქცობა; ღმერთს ვერ ეთამაშებიან. ეს იმ მიმებისა და მოცეკვავეების საქმეა, რომლებიც მთელ დღეს სცენებზე ატარებენ; წესიერ ქალს კი ამგვარი არაფერი შეჰფერის. ამბობს: „დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით“ ().
2. გარეგანი შემკულობა და ქალწულების საცდური
ამიტომ ნუ მიბაძავ მეძავურად მცხოვრებ ქალებს: სწორედ ამგვარი იერით იზიდავენ ისინი მრავალ მოტრფიალეს; აქედან კი ბევრმა ქალმა ხშირად ბოროტი ეჭვი დაიმსახურა და ამ შემკულობისგან ვერაფერი მოიგო, რადგან ამ სახელით მრავალს ავნეს. როგორც გარყვნილებაში მცხოვრები ქალი, თუნდაც უმანკოს სახელი ჰქონდეს, ამ სახელისგან ვერაფერს მოიგებს, რადგან მაშინ ფარულის მსაჯული ყველაფერს შუაში გამოიტანს; ასევე ვერც უმანკო ქალი მოიგებს რამეს თავისი უმანკოებისგან, თუ იერის მეშვეობით მრუშობის სახელის მიღებას განიზრახავს, რადგან ამ სახელით მრავალს ევნო. მაშ, მე რა დამემართება, იტყვის ვინმე, თუ სხვა ეჭვს მიიტანს? საბაბს შენ აძლევ შენი იერით, მზერითა და მოძრაობებით. ამიტომ პავლე ბევრს ლაპარაკობს სამოსელზე და ბევრს — კრძალულებაზე. თუ მან ის, რაც მხოლოდ სიმდიდრის ნიშნებია, მოაშორა — ოქრო, მარგალიტები და ძვირფასი სამოსელი — მით უფრო როგორ არ მოაშორებდა იმას, რაც გადამეტებულ გამიზნულობას ეკუთვნის: საფერავებს, თვალების ხაზვას, მანჭვით სიარულს, დამტვრეულ ხმას, სველსა და ყოველგვარი სიძვით სავსე თვალს, მოსასხამისა და შიდა სამოსის ზედმეტად დამუშავებულ შემოხვევას, ზედმიწევნით გაწყობილ სარტყელსა და საგანგებოდ გაწყობილ ფეხსაცმელებს? ეს ყოველივე მან იმით მიანიშნა, რომ თქვა: „დედათაჲ წესიერებისა სამკაულითა მორცხუად და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“ (), რადგან ზემოთ ჩამოთვლილი შემკულობები უსირცხვილობისა და უჯეროების საქმეებია.
მომითმინეთ, გევედრებით; სიტყვა მხილებას უფრო პირდაპირ წარმოთქვამს, არა იმისთვის, რომ დაგჭრათ ან დაგამწუხროთ, არამედ იმისთვის, რომ სამწყსოსთვის უცხო ყოველივე ჩამოაშოროს. თუ ქმრიან ქალებს, განცხრომაში მცხოვრებთ და მდიდრებს ამას უკრძალავს, მით უფრო - მათ, ვინც ქალწულება იტვირთა. და რომელი ქალწული, იტყვის ვინმე, იკეთებს ოქროებს? ან რომელი იკეთებს ნაწნავებს? უბრალო იერშიც იმდენად დიდი კეკლუცობა შეიძლება ჩაიდოს, რომ ოქრო და ნაწნავები მასთან შედარებით არაფერია. რადგან უბრალო სამოსითაც შეიძლება იმათზე მეტად მოიკაზმო, ვინც ოქროებით არის შემოსილი.
რადგან როცა კვართი მეტად მუქი ლურჯია და სარტყლით დიდი სიზუსტით არის შეკრული მკერდთან, როგორც სცენაზე მოცეკვავეებისა, ისე რომ არც განივრად გამოვიდეს და გაიბეროს, არც სიმჭლევეში შეიკუმშოს, არამედ ორივეს შუა იყოს და მკერდთან მრავალი ნაოჭი ჰქონდეს, განა ეს ბევრ აბრეშუმის სამოსელზე მეტად არ კმარა მოსატყუებლად? რა ითქვას, როცა ფეხსაცმელი თავისი სიშავით ძლიერ ბრწყინავს, წვეტიანად მთავრდება და ნახატებში გამოსახულ მოხდენილობას ჰბაძავს, ისე რომ ფეხის გულსაც დიდ ადგილს აღარ უტოვებს? ან რა ითქვას, როცა სახეს საფერავებით კი არ ილამაზებ, მაგრამ დიდი სიზუსტითა და დაყოვნებით იბან, სახესა და შუბლზე საბურველს გადაჭიმავ, რომელიც თვით სახეზე ბევრად უფრო თეთრია, მერე კი ზემოდან მოსასხამს დაიდებ, რათა თეთრზე შავი უფრო ლამაზად გამოჩნდეს? რა თქვას კაცმა თვალების იმ უთვალავ ტრიალზე? ან მკერდსარტყლის იმ შესაკრავზე, რომელიც ხან იმალება, ხან კი მოშიშვლდება? რადგან ამ შესაკრავსაც ხშირად აჩენენ, რათა სარტყლის ზედმიწევნით შეკვრა გამოჩნდეს, მაშინ როცა მთელი მოსასხამი თავზე აქვთ შემოვლებული.
ხელებს კი, ტრაგიკოს მსახიობთა მსგავსად, ისეთი სიზუსტით იმოსავენ, რომ გეგონება სამოსი ხელებზეა შეზრდილი. რა თქვას კაცმა სიარულსა და სხვა ხელოვნურ ქცევებზე, რომლებსაც ყოველგვარ ოქროზე მეტად ძალუძთ მაყურებელთა დაპყრობა? შევშინდეთ, საყვარელნო, რომ ჩვენც არ მოვისმინოთ ის, რასაც წინასწარმეტყველი ებრაელ ქალებს ეუბნებოდა, გარეგანი სამკაულით დაკავებულებს: „ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს“ (). ამრიგად, ეს ხერხები ოქროებზე უფრო მიმზიდველია, რადგან ბევრი სხვა რამეც სწორედ ამისთვის არის საგანგებოდ მოგონილი: რომ თვალს მოხვდეს და მაყურებლები ტყვედ ჩაიგდოს. ეს ცოდვა მცირე არ არის, არამედ მეტად დიდია: საკმარისია ღმერთი განარისხოს და ქალწულობის მთელი ღვაწლი შელახოს.
3. ქრისტესადმი ერთგულება და შინაგანი მშვენიერება
სიძედ ქრისტე გყავს; რად იზიდავ კაცებს, როგორც მოტრფიალეებს? მაშინ მრუშობისთვის განგსჯის. რატომ არ იმკობ იმ სამკაულით, რომელიც მას სათნოა და მისთვის საყვარელია: კრძალულებით, კდემულებით, წესიერებითა და კდემული შესამოსლით? ხოლო ეს სამკაული მეძავური და სამარცხვინოა. ვეღარ განვასხვავებთ მეძავებსა და ქალწულებს. ხედავ, რა დიდ ულაზათობამდე მიიყვანეს ქალწულებმა საკუთარი თავი? ქალწული ხელოვნურობისგან თავისუფალი უნდა იყოს; უბრალოდ და თითქოს შემთხვევით უნდა იყოს შემოსილი, ასეთი ქალი კი ათას ხერხს მიმართავს თვალში საცემი მორთულობისთვის. შეწყვიტე ეს მძვინვარება, დედაკაცო; ასეთი მონდომება სულისკენ გადაიტანე, შინაგანი მშვენიერებისკენ, რადგან გარედან შემოხვეული ეს სამკაული შინაგანს მშვენიერად ქცევის საშუალებას არ აძლევს. ვინც ამ გარეგანი სამკაულით არის დაკავებული, შინაგანს უგულებელყოფს; ხოლო ვინც ამ გარეგან სამკაულს უგულებელყოფს, მთელ მონდომებას შინაგანისკენ მიმართავს.
ნუ მეტყვი: ვაი მე, გაცვეთილ სამოსს ვიცვამ, იაფ ფეხსაცმელს ვატარებ, უმნიშვნელო საბურველი მაქვს; ეს რა სამკაულიაო? თავს ნუ იტყუებ. შესაძლებელია, როგორც ვთქვი, ამით უფრო მეტად კეკლუცობდე, ვიდრე იმით, განსაკუთრებით გაცვეთილი სამოსით, ან სხეულზე მიკრული, ურცხვი იერისთვის საგანგებოდ გამოყვანილი და ბრწყინვალედ მბზინავი სამოსით. მე მეუბნები ამას; ღმერთს კი, რომელმაც იცის ის განზრახვა, რომლითაც ამას აკეთებ, რას ეტყვი? მაგრამ ამას ხომ სიძვისთვის არ აკეთებ? აბა რისთვის? იმისთვის, რომ გაქებდნენ? და არ გრცხვენია, არც წითლდები, როცა გსურს, რომ ამის გამო გაქებდნენ?
მაგრამ, ამბობს, ამას უბრალოდ ვატარებ, ამისთვისაც კი არა. ღმერთმა იცის, რას ამბობ ჩვენ წინაშე. ნუთუ მე მაძლევ ანგარიშს? ანგარიშს იმას მისცემ, ვინც ყველაფერს, რაც ხდება, ესწრება და მაშინაც გამოიძიებს; იმას, ვის წინაშეც „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი“ (). ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათა წინაშე ბრალეულნი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, ღმერთმა თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი“ ().
დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტიკრივია საჭირო და არა განაზება. ნუთუ ვერ ხედავ მოკრივეებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან და დარტყმა არ მიიღონ. ეშმაკი დგას, კბილებს აღრჭიალებს და ყოველი მხრიდან შენი დამხობა სურს; შენ კი კვლავ ამ სატანური სამკაულით ხარ დაკავებული? არაფრის თქმა მსურს ხმის შესახებ — როგორ ხვეწს ბევრი ამასაც — არც ნელსაცხებლებისა და სხვა მოდუნებულობის შესახებ. ამის გამო ქვეყნიერი ქალები ჩვენზე იცინიან. ქალწულობის ღირსება დაიკარგა; ქალწულს აღარავინ სცემს პატივს ისე, როგორც საჭიროა, რადგან თვითონვე გაუხდიათ საკუთარი თავი უპატიოდ.
ნუთუ არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ღვთის ეკლესიაში ყველასთვის ისე საჩინონი, თითქოს ზეციდან მოსულნი? ახლა კი თავიანთივე მიზეზით არიან დამცირებულნი, არა გონიერთა გამო. როცა ქალი, რომელსაც ქმარი და შვილები ჰყავს და სახლს განაგებს, გხედავს შენ, ვისაც ჯვარცმული ყოფნა გმართებს, მაგრამ მასზე მეტად მისდევ ამ სამკაულს, როგორ არ დაგცინებს? როგორ არ შეგირაცხავს არაფრად? ხედავ, რაოდენი მონდომებაა? რაოდენი წვრთნა? უბრალოებით სძლევ ძვირფასეულობით შემკულს და უფრო მეტად ხარ შემკული, ვიდრე ოქროთი შემოსილი ქალი. რაც შეგფერის, იმას არ ეძებ; რაც არ შეგფერის, იმას მისდევ, მაშინ როცა კეთილ საქმეებს უნდა მისდევდე.
ამის გამო ქალწულები ქვეყნიერთა ქალებზე ნაკლებად პატივცემულები არიან, რადგან ქალწულობის ღირს საქმეებს არ აჩვენებენ. ეს არ გვითქვამს ყველას მიმართ; უფრო სწორად კი, ყველას მიმართ: ბრალეულთათვის, რათა გონს მოეგონ, ხოლო უდანაშაულოთათვის, რათა ბრალეულები გონს მოიყვანონ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ეს მხილება საქმეში არ გადაიზარდოს. რადგან ეს არ გვითქვამს იმისთვის, რომ დაგამწუხროთ, არამედ იმისთვის, რომ გამოვსწორდეთ და თქვენით ვიქადოთ. ხოლო იყოს, რომ ჩვენ ყველანი ვაკეთებდეთ იმას, რაც ღმერთს მოსწონს, და მისი დიდებისთვის ვცხოვრობდეთ, რათა აღთქმულ კეთილთაც მივემთხვიოთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.