...რადგან როგორც ცეცხლი ეკლებს ედება, ისე მიიწევდნენ ყველასთან, და ვერავინ უძლებდა მათ. მაშ, მოისმინე, რას ამბობს ბალაამი, რომელმაც ეს წინასწარმეტყველთაგან კი არა, არც მოსესგან ისწავლა, არამედ თვით მოვლენებიდან: „ესე ნათესავი არს, რომელი ყოველსა ქუეყანასა ალოკავს“ ()5. ხედავ, როგორ ზუსტად არის ნათქვამი მეტაფორა? არ თქვა: „მებრძოლი“, „დამამხობელი“, არამედ თქვა: „ალოკავს“, რადგან სურდა წარმოეჩინა გამარჯვების უშრომლობა, უსისხლოდ აღსრულებული ძლევის ნიშნები და შეტევით მიღებული ძალაუფლება. არც საბრძოლო წყობა სჭირდებათ, ამბობს, არც შეჯახება; საკმარისია მხოლოდ მივიდნენ, და ყოველივე ადგილს უთმობს და უკან იხევს.
რადგან ღმერთი მათ მხოლოდ ომის წესითა და საბრძოლო წყობით როდი ამარჯვებინებდა, რათა ვინმეს მომხდარი თვით მათთვის არ მიეწერა, არამედ ქვეყნიერების სტიქიონებსაც ამოძრავებდა მათ წინააღმდეგ; ამიტომ წინასწარ ამხობდა მათ აზრებს, ჩამოვარდნილმა სეტყვამ მრავალი დ...