📋 სარჩევი
„გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“ ().
1. მცნების დაცვა და ღმრთისადმი სასოება
კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის. ამიტომ მოწაფემ ეს ბრძანება ისე უნდა მიიღოს, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, ვისგანაც ეს მოისმინა, და ამ ხსოვნით გონება შეიძრას. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (). აქ საფრთხეთა წინაშე გამხნევებაც არის და აღდგომის შეხსენებაც. და ამბობს: „და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე“ (). კვლავ მოძღვრისგან მოდის შეგონება. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: როგორც იგი მოიქცა, ასევე, ამბობს, თქვენც უნდა მოიქცეთ. რადგან სწორედ ამისთვის დაამოწმა, რათა მის კვალს მივყვეთ კეთილი აღსარებით; ამასვე აკეთებს მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეშიც, როცა ამბობს: „და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“ (); და კვლავ: „გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ“ (). ამასვე აკეთებს ახლაც მოწაფის მიმართ, თითქოს ამბობდეს: „ნუ შეუშინდები სიკვდილს; რადგან მონა ხარ ღმერთისა, რომელსაც ყოველივეს გაცოცხლება შეუძლია“.
ხოლო რომელ კეთილ აღსარებას გულისხმობს? იმას, როცა პილატე ეკითხებოდა: „უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ?“ (). უპასუხა: „ამისთჳს შობილ ვარ“ (). და კვლავ: „მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (). „აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ“ ()1. ამრიგად, ან ამის გამო ამბობს, ან იმიტომ, რომ როცა ჰკითხეს, იყო თუ არა ძე ღმრთისა, თქვა: „შენ სთქუ“ ()2. და კიდევ მრავალი სხვა დაამოწმა და აღიარა. „დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა“ (), ესე იგი, შენი აღსასრულამდე, გასვლამდე. მაგრამ ასე კი არ თქვა, არამედ თქვა: „ვიდრე გამოჩინებადმდე“ (), რათა მოწაფე უფრო მეტად გამოეფხიზლებინა.
რას ნიშნავს: „დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ“ ()? რომ არც დოგმატების მხრივ და არც ცხოვრების წესის მხრივ რაიმე ლაქა არ მიიკრო. ამბობს: „რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან“ (), „რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა“ (). ვის შესახებ არის ეს ნათქვამი? ნუთუ მამის შესახებ? ნუთუ ძის შესახებ? უთუოდ ძის შესახებ. „რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან“ (). ესეც კვლავ ნუგეშისათვის არის, რათა აქაურ მეფეთა გამო არ განცვიფრდეს და მათი არ ეშინოდეს.
„ჟამთა თჳსთა“ (), ესე იგი, შესაფერისსა და მართებულ დროს; ამიტომ არ უნდა შევშფოთდეთ, რომ ჯერ არ მომხდარა. და საიდან არის ცხადი, რომ უფლის გამოჩინებას აჩვენებს? იქიდან, რომ იგი ხელმწიფეა; რადგან მხოლოდ ის არის ხელმწიფე. მაშასადამე, აჩვენებს ნეტარი, თვით ნეტარება. სიტყვა „ნეტარს“ კი ამბობს იმის საჩვენებლად, რომ იქ არაფერია მწუხარების მომგვრელი და არაფერია უსიამოვნო. ხოლო სიტყვა „მხოლომან“ () ან ადამიანებისგან გასამიჯნად თქვა, ან დაუსაბამობის გამო; მსგავსს ჩვენც ხშირად ვამბობთ ადამიანებზე, რომელთა გამორჩევაც გვინდა. ამბობს: „რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ“ (). მაშ, რა? ძეს არა აქვს? ნუთუ თვით უკვდავება არ არის?
და როგორ არ ექნებოდა, თუ მამის თანაარსია? ამბობს: „ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა“ (). განა სხვაა თვით იგი და სხვაა ის ნათელი, რომელშიც მკვიდრობს? მაშასადამე, ადგილითაც შემოიფარგლება? შორს ასეთი აზრი. ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ასე გავიგოთ, არამედ საღვთო ბუნების მიუწვდომლობა რომ წარმოეჩინა; ამიტომ თქვა, რომ იგი მიუწვდომელ ნათელში მკვიდრობს, და ასე ღვთისმეტყველა, რამდენადაც შეეძლო. ხედავ, როცა ენას რაიმე დიდის წარმოთქმა სურს, როგორ უძლურდება? ამბობს: „რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“ (); ასევე ძეც არავის უხილავს და არც ხილვა შეუძლია; „რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ“ (). „ამინ.“ ().
აქ კარგად და საჭიროებისამებრ იღვთისმეტყველა. რადგან მოციქულმა ღმერთი მოწმედ მოიყვანა და ბევრს საუბრობს ამ მოწმეზე, რათა მოწაფეს უფრო მეტი მოკრძალება აღუძრას. ესე იგი: დიდება მას; მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია, მხოლოდ ამის ქმნა, და არა ცნობისმოყვარეობით იმის გამოძიება, ვინ არის იგი. ამრიგად, თუ მისი ძალა საუკუნოა, ნუ შეგეშინდება; თუნდაც გამოჩინება ახლა არ მოხდეს, მას მუდამ პატივი აქვს, მუდამ ძალა აქვს. „მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან“ (). კარგად თქვა: „ამას სოფელსა“ (); რადგან მომავალ საუკუნეშიც არიან სხვა მდიდრები. ამას კი ურჩევს, რადგან იცის, რომ არაფერი ისე არ შობს ამპარტავნებას, უგუნურებას და მედიდურობას, როგორც ფული. შემდეგ მაშინვე მდიდრები დაამდაბლა და თქვა: „არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა“ (). რადგან ამისგან არის უგუნურება; ხოლო ვინც ღმერთზე ამყარებს სასოებას, არ ამაღლდება.
რაზე ამყარებ სასოებას — იმაზე, რაც ერთბაშად იცვლება? რადგან სწორედ ეს არის სიმდიდრე; და როგორ ამყარებ სასოებას იმაზე, რაზედაც მტკიცედ დაყრდნობა შეუძლებელია? როგორ შეძლებენ, ამბობს, რომ არ იქედმაღლონ? თუ დაინახავენ, რომ სიმდიდრე მერყევი და არამტკიცეა; თუ დაინახავენ, რომ სიმდიდრეზე დიდი არის ღმერთისგან მომავალი სასოება; თუ დაინახავენ, რომ თვით სიმდიდრის მიზეზიც ღმერთია. ამბობს: „არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად“ (). კარგად თქვა: „ყოველივე მდიდრად“ (), წელიწადის დროების მონაცვლეობაზე მინიშნებით: ჰაერზე, ნათელზე, წყალზე და ყოველივე სხვაზე. ხედავ, როგორ უხვად აძლევს და დიდი სიუხვით? თუ სიმდიდრეს ეძებ, ის ეძიე, რომელიც რჩება, მტკიცეა და კეთილ საქმეთა მიერ წარმოიქმნება.
ამასვე თვითონაც ცხადყოფს, როცა ამბობს: „კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ“ (); „უხუად მიმცემელ იყვნედ“ ფულს ეხება, ხოლო „ეზიარებოდედ“ — სიყვარულს. „ეზიარებოდედ“ () — ანუ გულისხმობს ურთიერთობისათვის გახსნილ, საუბრისათვის მზადმყოფ და ნაზ ადამიანებს. „და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა“ (). იქ არაფერია საეჭვო; ხოლო სადაც საფუძველი მტკიცეა, იქ არაფერია მერყევი, არამედ ყოველივე მტკიცეა, შეუძრავი, მყარი და მუდმივი. ამბობს: „რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა“ (). რადგან კეთილ საქმეთა აღსრულებას შეუძლია იმ სიცოცხლით ტკბობა მოგვიპოვოს. „ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე“ (). ნურაფერს შეამცირებ; ეს შენი არ არის, სხვისი საკუთრება მოგენდო; ნურაფერს დააკლებ. ამბობს: „და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა“ ().
2. სარწმუნოება და ვნებათა ტირანიისაგან თავისუფლება
ეს კარგად თქვა. რადგან, სადაც რწმენა არ არის, იქ ცოდნაც არ არის; როცა რაიმე საკუთარი მსჯელობებიდან იშვება, ცოდნა არ არის. ან, იქნებ, ამას იმიტომ ამბობს, რომ მაშინ ზოგიერთნი საკუთარ თავს გნოსტიკოსებს უწოდებდნენ, თითქოს სხვებზე მეტი რამ იცოდნენ. ამის შესახებ ამბობს: „რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს“ (). ხედავ, როგორ კვლავ ბრძანებს, ასეთებთან პირდაპირ შეტაკებაშიც კი არ შევიდეთ? ამბობს: „განეშორე ... სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა“ (). მაშასადამე, არსებობს ისეთი სიტყვისგებანი, რომლებზეც პასუხის გაცემაც კი არ არის საჭირო. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს რწმენიდან განდევნიან; იმიტომ, რომ მტკიცედ დგომასა და დამყარებას არ აცლიან. ნუ ჩავეჭიდებით ასეთ ცოდნას, არამედ რწმენას - დაურღვეველ კლდეს.
რადგან არც მდინარეები და არც ქარები, როცა დაგვატყდებიან, ვერაფერს დაგვაზიანებენ; კლდეზე ვდგავართ შეურყევლად. ასევე ამ ცხოვრებაშიც, თუ იმ ჭეშმარიტ საფუძველს ავირჩევთ, კვლავ მტკიცედ ვდგავართ და არავითარ საშინელებას არ განვიცდით. ვინც იმ სიმდიდრეს, იმ კეთილ სახელს, იმ დიდებას, იმ პატივსა და იმ სიამეს ირჩევს, არავითარ საშინელებას არ განიცდის; ყოველივე იქაური მტკიცეა, არავითარი ცვალება არ არის; აქაური კი ყველაფერი იცვლება და გარდაქმნას ექვემდებარება, ყველაფერი გარდაიქმნება. რა გსურს? დიდება? ამბობს: „არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა“ (); ხშირად კი დიდება ადამიანს სიცოცხლეშიც არ რჩება. მაგრამ სათნოების სიკეთენი ასეთი არ არის, არამედ ყოველი მათგანი რჩება. აქაური კაცი, რომელიც თანამდებობის გამო სახელოვანია, როცა სხვა დაიკავებს მის თანამდებობას, უმნიშვნელო ხდება და ერთ-ერთი მართულთაგანი; მდიდარი კი, თუ ყაჩაღები დაესხმიან თავს, ან ცილისმწამებლები და მზაკვრები, უცებ ღარიბი ხდება. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის: თავშეკავებული კაცი, თუ საკუთარ თავს გაუფრთხილდება, ვერავინ შეძლებს, მისი თავშეკავება წაართვას; ვინც საკუთარ თავს მართავს და თავს ფლობს, ვერავინ აქცევს რიგით კაცად და მართულად.
ხოლო რომ საკუთარი თავის მმართველობა გარეგან ხელმწიფებაზე უფრო დიდია, ამას განხილვით შეიტყობ. რა სარგებელია, მითხარი, მთელ ხალხებზე ბატონობდე და ვნებების მონა იყო? და რა ზიანია, არც ერთ ადამიანზე არ ბატონობდე და ვნებათა ტირანიაზე მაღლა იდგე? ეს არის თავისუფლება, ეს არის მმართველობა, ეს არის მეუფება და ძალაუფლება; გარეგანი ხელმწიფება კი მონობაა, თუნდაც ვინმეს უთვალავი დიადემა ედგას. რადგან, როცა მას შინაგანად ბატონთა სიმრავლე განაგებს — ვერცხლისმოყვარეობას ვგულისხმობ, სიამოვნებისმოყვარეობას, რისხვასა და სხვა ვნებებს — რა სარგებელია დიადემისაგან? უფრო დიდია ვნებათა ტირანია, როცა გვირგვინსაც ვერ ძალუძს მისი დახსნა ამ დამორჩილებისგან. წარმოიდგინე: ბარბაროსებთან ვინმე მეფედ ქცეულიყო და მაინც მონად ჰყოლოდათ; მათ კი, თავიანთი ძალაუფლების სიდიდე რომ ეჩვენებინათ, არც ძოწეული მოსასხამი ჩამოერთმიათ მისთვის და არც დიადემა, არამედ იმავე ნიშნებით წყლის ზიდვა, მზარეულობა და სხვა ყოველგვარი მსახურება ებრძანებინათ. ასე მათთვის პატივი უფრო დიდი გამოჩნდებოდა, მისთვის კი — სირცხვილი; ასევე ახლაც ეს ვნებები ყოველ ბარბაროსზე უფრო ბარბაროსულად გვექცევიან. რადგან ვინც ამ ვნებებს არაფრად აგდებს, ბარბაროსებსაც დასცინებს; ხოლო ვინც მათ ემორჩილება, ბევრად უფრო საშინელს განიცდის, ვიდრე ბარბაროსთაგან. ბარბაროსი, როცა დიდ ძალას მოიპოვებს, სხეულს აწამებს, ეს ვნებები კი სულს სტანჯავენ და ყოველი მხრიდან ფლეთენ; ბარბაროსი, როცა დიდ ძალას მოიპოვებს, ამ სიკვდილს სწირავს, ეს ვნებები კი მომავალ სიკვდილს. ამიტომ მხოლოდ ის არის თავისუფალი, ვისაც თავისუფლება შინაგანად აქვს, ისევე როგორც მონაა ის, ვინც უგუნურ ვნებებს ემორჩილება.
არც ერთი ბატონი, თუნდაც მეტისმეტად სასტიკი იყოს, ასეთ უხეშსა და სასტიკ ბრძანებებს არ გასცემს: ტყუილად და ამაოდ შეარცხვინე შენი სული, ღმერთს ეწინააღმდეგე, თვით ბუნებაც უგულებელყავი; თუნდაც მამა იყოს, თუნდაც დედა, ნურც ერთის წინაშე გექნება კრძალვა, მათ წინააღმდეგ დადექი. რადგან ასეთია ვერცხლისმოყვარეობის ბრძანებები. შემომწირე, ამბობს, არა ზუარაკები, არამედ ადამიანები. წინასწარმეტყველი ამბობს: „დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს“ (); ვერცხლისმოყვარეობა კი ამას არ ამბობს, არამედ: ზუარაკები რომც იყოს, ადამიანები შემომწირე, დაკალი ისინი, ვისაც არაფერი დაუშავებია; თუნდაც მათგან სიკეთე გქონდეს მიღებული, მოკალი. კვლავ: იყავი მტერი, ყველას საერთო მტრად იარე — თვით ბუნებისა და ღმერთისაც; ოქრო აგროვე არა იმისთვის, რომ ისიამოვნო, არამედ იმისთვის, რომ დარაჯობდე და ტანჯვა უფრო დიდი გახადო. რადგან ვერცხლისმოყვარეს ტკბობა არ შეუძლია; ეშინია, ოქრო არ შემცირდეს, საგანძურები არ გაღარიბდეს. იფხიზლე, ამბობს, ყველას ეჭვის თვალით უყურე - მსახურებსაც და მეგობრებსაც; სხვისი ქონების დარაჯი იყავი. თუ დაინახავ ღარიბს, შიმშილით რომ იღუპება, ნურაფერს უწილადებ, არამედ, თუ შესაძლებელია, ტყავიც კი გააძრე. ცრუ ფიცი დადე, იცრუე, დაიფიცე, ბრალი დასდე, ცილი დასწამე; თუნდაც ცეცხლში შესვლა დაგჭირდეს, ნუ მოერიდები; ნუ მოერიდები არც უთვალავი სიკვდილის ატანას, არც შიმშილით დაღუპვას, არც სნეულებასთან ჭიდილს. განა ამას არ აკანონებს ვერცხლისმოყვარეობა? თავხედი იყავი და უსირცხვილო, უწესო და კადნიერი, ბილწი და უკეთური, უმადური, უგრძნობელი, უმეგობრო, შეურიგებელი, უგულო, მამისმგვემელი, უფრო მხეცი, ვიდრე ადამიანი. სიმწარით ყოველ გველს გადააჭარბე, მტაცებლობით - ყოველ მგელს; იმ ბუნების მხეცურობასაც გადაასწარი; თუნდაც დემონის ბოროტებამდე მისვლა დაგჭირდეს, ნუ მოერიდები; კეთილისმყოფელი დაივიწყე.
განა ამას არ ამბობს ვერცხლისმოყვარეობა და განა მას არ უსმენენ? ღმერთი კი საპირისპიროს ამბობს: იყავი ყველას მეგობარი, იყავი შემწყნარებელი, ყველასგან საყვარელი; ნურავის დაუპირისპირდები ტყუილად და ამაოდ; „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ (); კეთილი სახელით იხარე; იყავი არა ადამიანი, არამედ ანგელოზი; ნურაფერს იტყვი უსირცხვილოს, ნურაფერს ცრუს, და ნურც გაიფიქრებ; შეეწიე გაჭირვებულებს; მიტაცებით თავს გასაჭირში ნუ ჩაიგდებ; ნუ იქნები შეურაცხმყოფელი და კადნიერი; და არავინაა მსმენელი. განა გეენია სამართლიანი არ არის? განა შესაფერისი არ არის ცეცხლი? დაუსრულებელი მატლიც? როდემდე ვუბიძგებთ საკუთარ თავს უფსკრულებისკენ? როდემდე დავდივართ ეკლებზე? როდემდე ვიხვრეტთ თავს ლურსმნებით და მადლობასაც ვიხდით? სასტიკ ტირანებს ვემორჩილებით, ნაზ მეუფეს კი უარვყოფთ — მას, ვინც არაფერს ამბობს მძიმე, არც ბარბაროსულს, არც დამამძიმებელს, არც უსარგებლოს, არამედ ყოველივეს სასარგებლოს, სარგებლის მომტანსა და ჩვენთვის დიდი სარგებლობის მომცემს. ერთხელ მაინც წამოვდგეთ, თავი მოვიკრიბოთ, გონს მოვეგოთ, ისე გვიყვარდეს ღმერთი, როგორც საჭიროა, რათა ღირსნი გავხდეთ იმ აღთქმული სიკეთეებისა, რომლებიც მის მოყვარულთათვის არის.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.