„გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს, მეფეთათჳს და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშჳდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ.“ ().
1. საყოველთაო ვედრება და მშვიდობის სარგებელი
მღვდელი მთელი ქვეყნიერების ერთგვარი საერთო მამაა. ამიტომ მართებულია, რომ მღვდელმაც ყველაზე იზრუნოს, ისევე როგორც ღმერთი ზრუნავს, რომლის წინაშეც მღვდელმსახურებას აღასრულებს; ამის გამო ამბობს: „გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა“ (). რადგან აქედან ორი სიკეთე მოდის: ირღვევა მტრობა, რომელიც გარეშეთა მიმართ გვაქვს; ვერავინ შეძლებს მტრულად იყოს განწყობილი იმისადმი, ვისთვისაც ვედრებას აღავლენს....