...ვედ სიხარულსა უფლისა შენისასა"** (). რაკი, ამბობს, დიდი კეთილგონიერება გამოავლინე შენზე რწმუნებულის გამოყენებაში, ღირსი ხარ, რომ კიდევ მეტი გენდოს. „მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე" (). დიდი მზრუნველობა აქვს ამ მონასაც თავისი უფლის ქონებაზე; ამიტომ ისიც იმავე ჯილდოს ღირსდება, რასაც პირველი. მაგრამ რატომ ღირსდება ორი ქანქარის მომტანი თანასწორ პატივს ხუთი ქანქარის მომტანთან? ეს სამართლიანია, — იმიტომ, რომ მეტ-ნაკლები შესაძინი არა ერთის გულმოდგინებითა და მეორის უდარდელობით განსხვავდებოდა, არამედ მათთვის რწმუნებული ქანქარების რაოდენობით. რაც შეეხება მათ მოშურნეობას — ორივემ თანაბრად გამოიჩინა; ამიტომ ჯილდოც თანაბარი მიიღეს.
2. ბოროტი მონა და სულიერი სარგებლის მოთხოვნა
მაგრამ ერთმა მონამ ამის მსგავსი არაფერი გააკეთა; არამედ რა? „მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს" (მათ 25:24–25). ოი, მონური ბოროტებ...