ოსიოს ეპისკოპოსმა თქვა: ჩვენი გამოუცდელობის, ზედმეტი აღრევის, უსამართლოდ მიღებული ღირსების გამო ჩვენ არც იმდენი მადლი და გაბედულება გვაქვს, რამდენიც უნდა გვქონდეს. ცნობილია, რომ მრავალნი ეპისკოპოსთაგან არ აყოვნებენ და მიდიან მეფესთან ლაშქარში სხვადასხვა თხოვნით. ეს, როგორც გვესმა ჩვემი ძმისა და თანაეპისკოპოსის ღრატოსგან, ეხება აფრიკელ ეპისკოპოსებს, რომლებიც სასარგებლო რჩევას არაფრად აგდებენ, არ ისმენენ და ერთ კაცს მიაქვს ერთის ან მრავალთა სავედრებელი წერილი სხვადასხვა საკითხზე სასახლეში (ან იქ, სადაც არის მეფე), რაც არ არის სასარგებლო ეკლესიისათვის. ისე კი არ მოქმედებენ, როგორც ეპისკოპოსს შეეფერება, გლახაკთა, ერისკათა ან ქვრივთათვის კი არ ზრუნავენ და არ ეხმარებიან მათ, არამედ ამქვეყნიური პატივისა და საქმისათვის იღვწიან. ასეთი მოსასპობი და აღსაკვეთი სიმრუდე არ გვტოვებს ჩვენ საფრთხისა და დაბრკოლბის გარეშე. ამიტომ სამართლიანად მიმაჩნია, რომ ეპისკოპოსი უნდა შეეწიოს იმას, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ან ქვრივია და გაძარცულია, ან ობოლია და მის ქონებას ვინმე აკლებს რასმე. თუ ასეთი პირისთვის გაირჯება, ჯეროვანი და სამართლიანი იქნება მისი თხოვნა და ზრუნვა.
საყვარელო ძმებო, თუ ყველას მოგწონთ ეს, დავადგინოთ, რომ არც ერთი ეპისკოპოსი არ მივიდეს ლაშქარში (მეფესთან), გარდა იმისა, რომელსაც ჩვენი კეთილმსახური მეფე წერილით თავისთან მოიხმობს.
ხშირად ეკლესიას თავს აფარებენ საწყლები და გაჭირვებულები, რომელნიც თავიანთი ცოდვებისათვის დასჯილნი არიან ან საპყრობილით, ან კუნძულზე განდევნით, ან სხვა სასჯელით. ასეთებს უნდა შევეწიოთ, მაგრამ დაუყოვნებლივ და ორგულობის გარეშე უნდა ვითხოვოთ პატიება მათთვის. მაშ, თუ მოგწონთ ეს დადგენილება, ყველამ მხარი დაგვიჭიროს.
ყველამ მიუგო: დამტკიცდეს ესეც.