წმინდა დღესასწაულის ერთ-ერთი შემავსებელი ნაწილი ისიც არის, რომ ვიცოდეთ ცოდვილთა სჯულიერი და კანონებრივი განგება, რითაც განვკურნავთ მათ ყოველ სულიერ სნეულებას, რა ცოდვითაც არ უნდა იყოს ის გამოწვეული. ყველა დაბადებულისათვის საერთოა აღდგომის დღესასწაული, რომელიც წელიწადის თითოეული დაწესებული მოქცევის დროს სრულდება ყოველ წელს დაცემული ბუნების აღდგომის გამო. დაცემა არის ცოდვა, ხოლო აღდგომა - ცოდვილის აღდგენა. ასე რომ, კარგია ამ დღეს საბანელის მადლით არა მხოლოდ მეორედ შობის მიერ განახლებულთა გაცოცხლება, არამედ სიანულით და მკვდარი საქმეებისთვის ზურგის შექცევით მობრუნებულების ცხოვნების გზაზე წარმართვა საცხოვენებლი იმედისაკენ, რომლისაგანაც ცოდვის გამო იყვნენ გაუცხოებულნი. პატარა საქმე არ არის მონანულთა შესახებ მოხმობილი სიტყვების სამართლიანად, გამოცდილი მსჯავრითა და დაკვირვებით განგება წინასწარმეტყველის მცნებისამებრ, რომელიც ლაპარაკობს სასამართლოზე მართლის სიტყვების სიმტკიცის შესახებ და ამბობს: ”მართლის სიტყვა არ შეირყევა უკუნისამდე და საუკუნო სახსენებლად იყოს მართალი” ().
ხორცის კურნების დროს მკურნალობის მიზანი ერთია - სნეულს მიანიჭოს ჯანმრთელობა, ხოლო საშუალება მიზნის მისაღწევად - მრავალნაირი: სნეულების რაობის მიხედვით თითოეულ უძლურებას შესაფერისი მკურნალობის ხელოვნება მიესადაგება. ასევე მრავალნაირია სულის სნეულებაც ვნებათა სხვადასხვაგვარობის გამო. ამიტომ საჭიროა, მრავალნაირი იყოს მისი მკურნალობის გზებიც, რითაც თითოეული ვნების შესაფერისი საკურნებელი საშუალება მოიძებნება. ამიტომ, როგორც საჭირო იქნება მოქცევა ამ შემთხვევაში, ისე უნდა მოიძებნოს შესაფერისი სიტყვა.
ჩვენი სულის ხილული ნაწილი სამია თავდაპირველი დაყოფისამებრ: ძალა სიტყვიერი (გონიერი), ძალა გულისთქმისა (სურვილისა) და ძალა გულისწყრომისა (გაღიზიანებისა, გაბრაზებისა). აქ არის სათნო მოღვაწეობის წარმართვის საშუალებაც და სიბოროტისაკენ მიდრეკილთა დაცემაც. ამიტომ, ვინც შესაფერისი წამალი უნდა დაადოს სულის დასნეულებულ ნაწილს, მას ჰმართებს პირველად იმის გარკვევა, რომელ ნაწილში მიიღო ვნებამ გამოკვეთილი სახე და შემდეგ ვნებულისათვის შესატყვისი წამლის მომზადება, რათა მკურნალის ხელოვნების არცოდნის გამო სულის დაზიანებული ნაწილის ნაცვლად არ უმკურნალოს სხვა ნაწილს. ამას ხშირად ვხედავთ ხოლმე - მრავალი მკურნალი თავისი მკურნალობით უფრო აძლიერებს სენს, რადგან არ იცის, რომელია დასნეულებული ნაწილი. ზოგჯერ სნეულება არის ზედმეტი მხურვალებისაგან, ან პირიქით - ზედმეტი სიგრილისაგან. თითოეული მათგანის მკურნალობა საჭიროა მისივე საწინააღმდეგოთი. ვინც იხმარს იმავე ბუნების ძალას რომელიმე მათგანზე და უზომო მხურვალებით დამწვარს, გამოუცდელობის გამო, მხურვალებითვე დაუწყებს მკურნალობას, ძნელად განსაკურნებელ ვნებას მიაყენებს.
როგორც მკურნალისათვის ითვლება საჭიროდ გაგება სენის რაობისა, რათა თითოეული კარგადმყოფისათვის ან ავადმყოფისათვის მომარჯვებულ იქნეს საწინააღმდეგო წამალი, რომლის ბუნება სენს წინ აღუდგება, ასევე ჩვენც მხედველობაში უნდა მივიღოთ სულის დაყოფის ზემოთ მითითებული სახეები და შესაფერისი მკურნალობის დასაწყისად და საყრდენად მივიღოთ საერთო და შესაბამისი თვალთახედვა.
როგორც ვთქვით, სულის ძალების მოძრაობა სამ სახედ იყოფა: სიტყვიერად (გონებრივად), გულისთქმად (სურვილად, წადილად) და გულისწყრომად (გაღიზიანებად, სიფიცხედ, გაჯავრებად). სულის სიტყვიერი (გონებრივი) ძალის მოძრაობის სწორი წარმართვა არის კეთილმსახური აღქმა ღმრთისა, და კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელოვნება, საგანთა ნათლად და გარკვევით აღქმა და შეთვისება, ცოდნა იმისა, თუ რა არის ამოსარჩევი არსთა შორის, ან რა არის შესაძაგებელი და თავიდან მოსაშორებელი. და პირიქით, სულის ამ ნაწილში არის ბოროტებაც იმ შემთხვევაში, თუ ღმრთის არაკეთილად მსახურია და საქმისა და საგანთა ბუნების აღქმა, გამრჩევი ჭეშმარიტად კეთილისა და მცდარისა, აღრეული აქვს იმ ზომამდე, რომ ”ნათელს ბნელად თვლის და ბნელს - ნათლად” (), როგორც ამბობს საღმრთო წერილი.
გულისთქმის ძალის კეთილი და სათნო მოძრაობა არის მთელი სურვილის მიპყრობა ნამდვილად სასურველისა და ჭეშმარიტად კეთილისაკენ. და რაც ჩვენში ტრფიალებისა და წადილის ძალაა, მისი თავმოყრა სულში მთლიანად იმის რწმენით, რომ არაფერია სხვა უფრო სასურველი მისი ბუნებისათვის, ვიდრე სათნოება და სათნოების წარმომშობი ბუნება. ხოლო შეცვლა და ცოდვა სულის ამ ნაწილისა ის არის, როცა ვინმე შეცვლის თავის გულისთქმას უსხეულო ფუჭი დიდებისა ან ხორცის გარედან ცხებული მშვენიერების მიმართ, საიდანაც მოდის ქონების სიყვარული, გემოთმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა და ყველაფერი ამის მსგავსი, რაც მოჰყვება ბოროტების მონათესავე საქმეებს.
გულისწყრომის ნაწილის კეთილად წარმართვა სულში არის ბოროტების წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლა და სულის გამოწრთობა სიმხნესა და მამაცობაში, რომ არ ეშინოდეს იმისი, რაც მრავალს საშინელი ჰგონია, და სისხლამდე შეებრძოლოს ცოდვას, არაფრად ჩააგდოს სიკვდილის მუქარა, სატკივარი, სატანჯველი, განშორდეს დამატკბობელსა და ყველაფერს, რაც მას თან ახლავს ჩვეულებით ან გემოთმოყვარეობით (ამით მრავალი არის შეპყრობილი) და რაც ეწინააღმდეგება სარწმუნოებასა და სათნოებას.
სულის ამ ნაწილის დაცემა ის არის, რაც ყველასათვის ცხადია: შური, სიძულვილი, ავსიტყვაობა, განკითხვა, ერთმანეთს შორის ბრძოლა, შფოთი, ბოროტების მიმგებელი ფიქრი და განზრახვა, დიდხანს გაგრძელებული ავის გულში ჩამარხვა და ბევრის მკვლელობად და მოსისხლეობად აღძრვა. გამოუწრთობელი გულისსიტყვა ვერ მიხვდა, სად მოეხმარა იარაღი, თავისკენ მოაბრუნა მისი მახვილი პირი და ღმრთის მიერ ჩვენთვის შურისსაძიებლად მოცემული იარაღი ბოროტად მომხმარებლისთვის მისივე დამღუპველი გახდა.