ღანგრაში შეკრებილ წმინდა მამათა კანონები, რომლებიც დადგენილია ნიკეის კრების შემდგომ
პატიოსან უფალთ სომხეთში, ჩვენს თანამღვდლებს ევსევის, ელიანოზს, ევგენის, ულვიმპიოსს, ვითვინიკოსს, გრიგოლის, ფილიტოსს, პაპოსს, ევლალის, ვიპატის, პროერესიოსს, ბასილის, ბასოს, ევგენის ღანგრაში შეკრებილი წმინდა კრება უფლისა მიერ გიხაროდეთ.
ვინაიდან ეპისკოპოსთა უწმიდესმა, ღანგრაში შეკრებილმა კრებამ ეკლესიის ზოგიერთი საქმის თაობაზე ბევრი რამ ნახა ევსტათის მიერ უწესოდ ქმნილი, საჭიროდ ჩათვალა, განესაზღვრა ევსტათის საქმეები და ყველასათვის ცნობილი გაეხადა ისინი, რათა დარღვეულიყო მის მიერ ქმნილი უკეთურება [მესალიანთა ერესი], ვინაიდან ისინი ქორწინებას შეურაცხ-ჰყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ქორწინებულთაგან არავის უნდა ჰქონდეს ღმრთის იმედი. ბევრნი შეცდომაში შედიოდნენ და შორდებოდნენ თავის ქმრებს და ქმრები - ცოლებს. ამის შემდგომ კი ხორცთა გაჭირვებას ვეღარ უძლებდნენ და მრუშობდნენ. ამგვარი უსახურობის გამო ძალიან გაიკიცხნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც განშორდებოდნენ ღმრთის სახლს და ცალკე ქმნიდნენ ეკლესიას, რითაც შეურაცხ-ჰყოფდნენ ეკლესიას და ეკლესიაში მყოფთ. ცალკე აწყობდნენ კრებებს, ეკლესიობდნენ და სხვა მოძღვრება [ჰქონდათ], და ბევრს სხვა რასმე [სჩადიოდნენ] ეკლესიებისა და ეკლესიებში შეკრებილთა დასამხობად. უცხო სამოსლით მოსილნი ჩვეულებრივი შესამოსლის წინააღმდეგნი არიან ისინი. ხოლო ნაყოფის შეწირვასა და შესაწირავს, რომლებიც ეკლესიისათვის მისაცემად არიან დანიშნულნი, თავის თავსა და მათთან მყოფებს, როგორც წმინდანებს, უყოფენ [უნაწილებენ]. მათი ჩაგონებით მონები ბატონებს ტოვებენ და უცხო სამოსლით შემოსილები ბატონებს შეურაცხ-ყოფენ. დედაკაცები ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო სამოსლით იმოსებიან და ჰგონიათ, რომ ამით გამართლებას ჰპოვებენ. მრავალი მათგანი ღმრთისმსახურების მომიზეზებით იკრეჭს თმას, დედობრივი ბუნების სამკაულს. კვირა დღეს მარხვას იცავენ და ამ თავისუფალი დღის სიწმინდეს შეურაცხყოფენ. ეკლესიაში დაწესებულ მარხვას აბუჩად იგდებენ და ჭამენ. ზოგი მათგანი ხორცის მიღებას სძUლობს. დაქორწინებულთა სახლებში ლოცვა არ სურთ და იქ შესრულებულ ლოცვებს შეურაცხყოფენ. ხშირად ქორწინებულთა სახლებში შესაწირავს არ ეზიარებიან. ქორწინებულ მღვდლებს შეურაცხყოფენ და მათ მიერ აღსრულებულ ჟამისწირვებს არ ესწრებიან. იმ ადგილებს, სადაც მოწამენი განისვენებენ, არც ერთი სიტყვის ღირსად არ ჰყოფენ. იქ შეკრებილებს და მედღესასწაულეებს დასცინიან. ხოლო მდიდრებს, რომელნიც არ გასცემენ მთელ თავის ქონებას, ადანაშაულებენ, როგორც ღმრთის მიმართ სასოების არმქონეებს. და სხვასაც მრავალს ამბობენ და სჩადიან, რისი აღრიცხვაც არავის შეუძლია. თითოეული მათგანი, როგორც კი საეკლესიო კანონის [ფარგლებს] გასცდება, თითქოსდა რაღაც კერძო კანონს თავისთვის იჩემებს. რასაც თითოეული მათგანი მოიგონებდა, იმასვე მიჰყვებოდა ეკლესიის შეურაცხსაყოფელად და თავისი თავის სავნებლად. ამის გამოც ღანგრაში შეკრებილი წმინდა კრება იძულებული გახდა, განედევნა ისინი და დაედგინა კანონები მათი ეკლესიიდან ჩამოშორების შესახებ. თუ მოინანიებენ და შეაჩვენებნ თითოეულ ბოროტ ნათქვამს, ისინი შეწყნარებულნი იქნებიან. ამის შესახებ წმინდა კრებამ დაწვრილებით აღწერა, თუ რისი შეჩვენებ არის საჭირო იმისთვის, რომ შეწყნარებულ იქნენ. ხოლო ვინც არ ირწმუნებს ამ ნათქვამს, როგორც მწვალებელნი შეჩვენებულნი და უზიარებელნი იქნებიან და განიდევნებიან ეკლესიიდან. ვევედრებით ეპისკოპოსებს, რათა დაიცვან ეს წესი მათ მიმართ და ყველას მიმართ მათ სამრევლოში.