...ამიტომ ნუ იფიქრებ, რომ დაწერილი კალამს ეკუთვნის, არამედ იმ მარჯვენას, რომელიც მას იპყრობს; ესე იგი, ნუ მიაწერ დავითის ენას, არამედ იმ მადლს, რომელიც მას ამოძრავებს. სხვა წინასწარმეტყველიც იმავეს აჩვენებდა, როცა ამბობდა: „თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა“ (), რათა ვინმემ ნათქვამი ადამიანურ სიბრძნედ არ ჩათვალოს. და მხოლოდ ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ სხვა რამ დაუმატა და თქვა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (). რადგან მადლი მათ მხოლოდ ბრძენებად კი არ ქმნიდა, არამედ ძლიერებადაც; არა სხეულის აგებულებით, არამედ სულის მტკიცე განწყობით. რადგან მათ საქმე ჰქონდათ კადნიერ და უსირცხვილო ხალხთან, წინასწარმეტყველთა სისხლს მოწყურებულთან და წმინდანთა დაკვლაში გაწაფულთან; ამიტომ ბუნებრივად სჭირდებოდათ დიდი ძალა, რათა ამ ხალხის გამოუთქმელ მოძალებას არ დაეფრთხოთ.
სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“...