ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად. ხოლო პირველად, უკუეთუ გნებავს, შემოვიღოთ შორის, რასა-იგი იტყჳან მტერნი ჭეშმარიტებისანი. რამეთუ ესოდენ ეუფლა მათ ეშმაკი, ვიდრე ამათცა სიტყუათა ზედა ჴელ-ჰყოფს აღჭურვად მათდა და ბრძოლად ჭეშმარიტებისა. და ისმინეთ, რასა იტყჳან ბირებითა ეშმაკისაჲთა: აჰა ესერა შობასა ქრისტესსაო ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ-ესე სასწაული არს სიმტკიცისა მის ვარსკულავთმრაცხელთაჲსა.
აწ ვჰკითხოთ ამაოთა მათ და ცუდისმეტყუელთა: უკუეთუ ქრისტე რჩულსა მას ზედა და წესსა ვარსკულავთმრაცხელობისასა იშვა, ვითარ დაჴსნა ვარსკულავთმრაცხელობაჲ და განაქარვა ბედთამეტყუელებაჲ და შობისა ჟამთა ძიებაჲ, დაუყო პირი ეშმაკთა, ესევითარისა მომპოვნებელ-თა, განიოტა საცთური და ყოველივე სახე გრძნებისაჲ განაქარვა? უკუეთუ ზრახვასა მას ვარსკულავთმრაცხელთასა დაამტკიცებდა, რაჲსათჳს ყოველთა წინაწარმეტყუელთა მიერ სიცრუედ და საცთურად სახელ-სდვა მას? ისმინეთ, რასა იტყჳს პირითა ესაია...