...ავლა და ერთი სამშობლოდან მეორეში გადასახლება ელოდა. „წარხჳდე, — ამბობს, — მამათა შენთა თანა", არა ხორციელ (მამებს) გულისხმობს, რადგან როგორ შეიძლებოდა ეს, როცა მისი მამა ურწმუნო იყო? შეუძლებელი იყო, რომ მორწმუნე მამამთავარი ურწმუნოთა ადგილას წასულიყო. „შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს" (). რატომ თქვა: „მამათა შენთა თანა"? მართლებს მიანიშნა (ამ სიტყვით), როგორებიც იყვნენ: აბელი, ნოე, ენოქი და მათ მსგავსნი. „განზრდილი სიბერითა კეთილითა". შესაძლოა, ვინმემ თქვას: რა კეთილი სიბერე ჰქონდა მას (აბრაამს), თუ მთელი ცხოვრება ასეთ მწუხარებაში გაატარა? ამას ნუ უყურებ, ადამიანო; არამედ იფიქრე მის მუდმივ დიდებაზე, — როგორ ის, მწირი რომ იყო, სამშობლოსა და საცხოვრებლის გარეშე, დიდებული იყო და ყოველ დროს რა ღვთიური შეწევნით სარგებლობდა.
მაშ, ნუ შეაფასებ საგნებს ახლანდელი ცნებებით და ნუ იფიქრებ, რომ ის სიბერე კეთილია, რომელიც ნებივრობასა და ფუფუნებაში, სიმდიდრის ფლობაში, მონათა სიმრავლეში, მსახურთა ბრბოში გადის. ეს ყველაფერი სიბერეს კეთილს ვერ გახდიდა, პირიქით, დიდ განკითხვას დაუქვემდებარებდა იმას, ვინც სიბერეშიც არ გონს მოსულა და სიკვდილის წინ არ ფიქრობს იმაზე, რაც საჭიროა, არამედ ყოველ დღე მუცელს ემსახურება, ნადიმების...