...ოგს თავი მოკვეთეს, ზოგი ქვებით ჩაქოლეს და ასე დაასრულეს სიცოცხლე, ზოგმა თავი თავად მისცა უთვალავ და მრავალფეროვან სასჯელს – ყველა ქრისტესთვის დაითმინა. მაგრამ ვერავინ გაბედავს თქმას, რომ მათი სიკვდილი უპატიო იყო, არამედ საღვთო წერილის კვალობაზე იტყვის: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა" (). და როგორც წმიდათა სიკვდილს „პატიოსნად" უწოდებს, ისე მოისმინე, როგორ უწოდებს ცოდვილთა სიკვდილს „ბოროტს": „სიკუდილი", – ამბობს, – „ცოდვილთა ბოროტ არს" (). თუნდაც ვინმე საკუთარ სახლში გამოეყოს სიცოცხლეს, ცოლისა და შვილების თანდასწრებით, ნათესავთა და ნაცნობთა თანაკრებისას, მაგრამ თუ სათნოება არ ჰქონდა, „ბოროტ" არის მისი სიკვდილი. პირიქით, სათნოების მოხვეჭილს, თუნდაც უცხოეთში მოკვდეს, მიწაზე დავარდნილი – და კიდეც რას ვამბობ: უცხოეთში ან მიწაზე? – თუნდაც ავაზაკთა ხელში ჩავარდეს, თუნდაც მხეცთა ნადავლი გახდეს, „პატიოსანი" იქნება მისი სიკვდილი. მითხარი: ზაქარიას ძეს ხომ თავი მოკვეთეს? სტეფანე კი, პირველი, ვინც მოწამეობის გვირგვინით შეიმკო, ხომ ქვებით ჩაქოლვით აღესრულა?
პავლე და პეტრე ხომ ამ სოფლიდან გადაისახლნენ: პირველი – თავმოკვეთით, მეორემ კი – უფლისა საწინააღ...