მოციქულისაჲ. (1ა) გამოცხადებაჲ იესუ ქრისტჱსი, რომელი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთაჲ მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ.
თარგმანი. გამოცხადებაჲ არს დაფარულთა საიდუმლოთა ჩუენებაჲ, რაჟამს განათლდეს გონებაჲ გინა თუ საღმრთოჲთა სიზმრითა, გინა თუ განცხადებულითა ხილვითა. ხოლო იტყჳს, ვითარმედ: მოსცა ქრისტეს ღმერთმან; ამას კაცობრივ იტყჳს ბუნებისა მისისათჳს, რომელი კაცთაგან მიიღო. ხოლო მონათა მისთაო, რაჲთა აჩუენოს დიდებულებაჲ ქრისტჱს ღმრთეებისაჲ. რამეთუ მონად მისა უწოდა...