...ბაც და უსაფრთხოებაც.
ამრიგად, როცა ამ სიკეთეთა სიდიადეს გავიაზრებთ და, უწინარეს ყოვლისა, იმას, თუ რაოდენ დიდი სიკეთეა ღმერთისთვის სათნო ყოფნა, რაც საჭურველიც არის, დიდებაც, უსაფრთხოებაც და ურიცხვი სხვა სიკეთეც, „მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა“ (), ნურასოდეს დავეცემით, ნურც საჭურველთაგან შიშვლები გამოვჩნდებით. რადგან ამგვარი ომი უიარაღო მეომრის ხილვას ვერ იტანს; აღჭურვილობა მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა სანახაობა დაიშლება; სანახაობა კი მაშინ იშლება, როცა სული სხეულისგან განიტევება. ამიტომ, სანამ აქ ვართ, მუშტით ბრძოლა გვმართებს სახლშიც ჯდომისას, მოედანზეც გასვლისას, სადილობისას, ავადმყოფობისას და ჯანმრთელობისას. რადგან სწორედ ავადმყოფობის ჟამს არის ყველაზე მეტად ამ ბრძოლის დრო, როცა ტკივილები ყოველი მხრიდან სულს აშფოთებს, როცა ტანჯვები ალყას არტყამს, როცა ეშმაკი ზედ ადგას და აქეზებს, რომ რაიმე მწარე სიტყვა წამოგვცდეს. სწორედ მაშინ გვმართებს ყველაზე მეტად თავის დაცვა, აბჯრით, ფარით, მუზარადითა და სხვა საჭურვლებით შემოზღუდვა...