1. საღვთო წერილის გულმოდგინე კვლევის შეგონება
გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება მოვახმარეთ. ასეთია საღვთო სიტყვათა თვისება — მცირე გამონათქვამებში დიდ სიმდიდრეს აჩვენებენ და გამოუთქმელ საუნჯეს მოანიჭებენ მათ, ვისაც გულმოდგინედ სურს მათი გამოკვლევა. ამიტომ, გთხოვთ, საღვთო წერილში მოცემულ არაფერს ზედაპირულად არ გავუაროთ, არამედ, იქნება ეს სახელთა ჩამონათვალი თუ მოვლენის თხრობა, მასში დამალულ საუნჯეს მოვეძიოთ. სწორედ ამიტომ ქრისტემაც თქვა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), რადგან ყველგან მაშინვე ვერ იპოვი დაწერილის აზრს, არამედ ჩვენგან ღრმა კვლევაა საჭირო, რათა სიღრმეში მდგომი არაფერი დაგვრჩეს...