შეხედე, როგორ იყენებს იგივე სიტყვებს, რომლებიც დასაწყისშიც იხმარა, რათა გვაუწყოს, რომ იმ თაობებს, როგორც უვარგისებს, ხსენებასაც კი არ ღირსყოფს, არამედ მოდგმის აღწერას ახლა შობილიდან, ესე იგი, სითიდან იწყებს, რათა აქედანაც შეიცნო, რამდენად ზრუნავს ღმერთი კაცთა მოდგმაზე და როგორ ეზიზღება სისხლისმსმელი ადამიანები. მოსე მათ შესახებ ჩუმად არის, თითქოს ისინი არც კი ცხოვრობდნენ, და ამით გვაუწყებს, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა და როგორ უდიდეს ზიანს აყენებენ თავიანთ თავს მისი მოყვარულნი. აი, ეს ადამიანები მოდგმის სიისგანაც ამოირიცხნენ და თუ იხსენიებიან, მხოლოდ იმისთვის, რომ მათი უკეთურება სამარცხვინოდ იყოს გამოფენილი და მომავალ თაობებს შეგონებად ემსახუროს; ხოლო ურჯულოდ მოკლული და ძმის ხელით მოსრული მას შემდეგ და დღემდე ყველასგან იქება, და დრომ ვერ წაშალა არც ამის (აბელის) ხსოვნა, არც იმის (კაენის) სირცხვილი, არამედ როგორც ეს ყოველდღე ყველასგან შეიქება, ისე ის გამუდმებით იმსჯავრება.
ხედავთ, რა ზიანი მოაქვს უკეთურებას და რა დიდია სათნოების ძალა, როგორ უკეთურება, თუმცა თავს ესხმის და ძლევს, მაინც კი იღუპება და ქრება, ხოლო სათნოება, თუმცა თავს...