„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.“ ().
1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა
როგორც ჩანს, არაფერია ისეთი ცნობისმოყვარე და უხილავისა თუ დაფარულის შეცნობისადმი ხარბი, როგორც ადამიანის ბუნება. ეს კი მას ჩვეულებრივ მაშინ ემართება, როცა გონება ჯერ კიდევ არასრულყოფილი და ჩამოუყალიბებელი აქვს. ასე, გამოუცდელი ბავშვებიც დაუსრულებლად ღლიან ძიძებსაც, აღმზრდელებსაც და მამებსაც კითხვების სიმრავლით, რომლებშიც სხვა არაფერია, თუ არა: „როდის იქნება ეს?“ და „როდის — ის?“ ეს კი განცხრომისგანაც ემართებათ და იმისგანაც, რომ საკეთებელი არაფერი აქვთ. მაშასადამე, ჩვენი გონება ესწრაფვის ბევრი რამის შეტყობასა და ჩაწვდომას, განსაკუთრებით კი აღსასრულის ჟამის გაგებას. <span...